კომერსანტი: თბილისი მოსკოვს სამხრეთ ოსეთის თაობაზე გარიგებას შესთავაზებს
სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის მხარდაჭერა, იტყობინება რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 25 ივნისს.
გაზეთის ცნობით, ამის სანაცვლოდ თბილისი პირდება მოსკოვს, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და დათანხმდება რუსეთის, როგორც ”ოფიციალური გარანტის” როლზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ სტატუსზე შეთანხმებაში.
”ჩვენ ასევე დავთანხმდებით რუსეთის სამხედრო ძალების დარჩენაზე საქართველოში,” – იტყობინება ”კომერსანტი” საქართველოს მთავრობის წყაროზე დაყრდნობით.
გაზეთის ინფორმაციას გამოეხმაურენ სტამბოლში მყოფი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და გელა ბეჟუაშვილი.
”კომერსანტის” საშუალებით საუბრები ალბათ სერიოზული არ უნდა იყოს,”- განაცხადა ლავროვმა.
”გაზეთებზე და ჟურნალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით ჩვენ არ ვაგებთ ჩვენს პოლიტიკას,”- განუცხადა ჟურნალისტებს ბეჟუაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)