მოსახლეობის პროტესტის შედეგად ცხინვალის რეგიონში გზის მშენებლობა განახლდა

ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გზის მშენებლობა განაახლა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამ ”გამააძევა რუსი სამშვიდობოები” მშენებლობის ტერიტორიიდან, იტყობინებიან ქართული ტელეკომპანიები 28 ივნისს.


კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა 27 ივნისს ქართულ მხარეს ახალი გზის მშენებლობის საშუალება არ მისცეს.


ეს გზა – რომელიც ორ ქართულ სოფელს ნიქოზს და ავნევს ერთმანეთს დაუკავშირებს – დაძაბულობის გამწვავების მიზეზი გახდა. სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში ეს გზა ქართულ მხარეს სამხედრო უპირატესობას მიანიჭებს.


მშენებლობა მას შემდეგ შეწყდა, რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ 15 ივნისს გზის მახლობლად თავისი ძალები განათავსა.


სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა 27 ივნისს განაცხადა, რომ ქართულმა და ოსურმა მხარეებმა გზის მშენებლობის დაწყებამდე პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.


ქართული მედიის ცნობით, რუსი სამშვიდობოების სულ ცოტა ათამდე ჯავშანმანქანა იყო განლაგებული მშენებლობის ადგილას, რათა ქართველი მუშებისთვის მშენებლობის განახლებაში შეეშალათ ხელი.


28 ივნისს შუადღისთვის ასობით ადგილობრივი მოსახლე (ინფორმაცია რაოდენობის შესახებ 500-დან 1000-მდე მერყეობს) ქართული დროშებით ხელში რუს სამშვიდობოებთან მივიდა და მშენებლობის ადგილის დატოვება მოსთხოვა.


ქართული ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ეჩხუბება ადგილობრივი მოსახლეობა რუს სამშვიდობოებს და მათ გაძევებას ცდილობს. მასალაში ასევე ჩანს, როგორ ასხამდნენ აქციის მონაწილეები სამშვიდობოებს და მათ ჯავშანტექნიკას საღებავებს. ეს ჩანაწერი, განსაკუთრებით წითელი საღებავით მოსვრილი რუსი სამშვიდობოს სახე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რამდენჯერმე ახლო კადრით აჩვენეს.


რუსმა სამშვიდობოებმა თავშეკავება გამოიჩინეს.


ვიდეომასალაში ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ მიიწევს ქართული დროშიანი ბულდოზერი მშენებლობის ადგილისკენ. ”რუსი სამშვიდობოები გამოაძევეს და მშენებლობა განახლდა,” – განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა გამარჯვებულის ტონით. 


ინციდენტის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ მან საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის ჯავშანტექნიკა განათავსა მშენებლობის ადგილას, რათა უზრუნველყოს გზის მშენებლობის გაგრძელება.


მამუკა ყურაშვილი მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების თაობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკა რურუას. 


როდესაც 28 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ნიკა რურუასთან ინტერვიუს იწერდა, მისმა ტელეფონმა დარეკა. ”ეს ჩვენი სამშვიდობოების სარდალი რეკავს,” – უთხრა მან ჟურნალისტს და ტელეფონს უპასუხა.


”თქვენ ამბობთ, რომ რუსებმა დატოვეს ეს ადგილი? … ძალიან კარგი; გმადლობთ, მამუკა,” – განაცხადა რურუამ ტელეფონზე საუბრისას, შემდეგ კი ინტერვიუ განაგრძო.


მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა მოითხოვოს სამშვიდობოების დაუყონებლივ გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, თუ ისინი განაგრძობენ პროვოკაციულ ქმედებებს.


ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის მხარე იტყობინება, რომ ოსურ სოფელ კვერნეთს ქართულ სოფელ თამარაშენიდან ნაღმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს, რამაც ორი სახლის დაზიანება გამოიწვია. თუმცა, ქართული მხარის განცხადებით, სოფელ თამარაშენს გაუხსნეს ცეცხლი.


ცხინვალი ასევე იუწყება, რომ ოსურ სოფელ ხეთაგუროვოსთან განთავსებულ რუსი სამშვიდობოების დროებით საგუშაგოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ”ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა” გაუხსნეს ცეცხლი.


  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)