სანაკოევი: კონფლიქტის მოგვარების გასაღები ევროპაშია
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს იკისრონ მედიატორის როლი საქართველოს ხელისუფლებასა და მის ადმინისტრაციას შორის.
მაღალი დონის კონფერენციაზე საუბრისას, რომელიც ბათუმში 3-4 ივლისს იმართება და განიხილავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის შესრულებაში პროგრესს, სანაკოევმა განუცხადა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ”ფართო ავტონომიური” სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა.
”ახლო მომავალში იგეგმება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის გაგრძელება შეჯერებული მოდელის შესამუშავებლად,”- განაცხადა სანაკოევმა.
”თუმცა, უკვე ამ ეტაპზევე შემიძლია გულწრფელად გითხრათ – მიუხედავად საერთო ამოცანისა, არის ბევრი საკითხი, სადაც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლებისაგან განსხვავებული ხედვა გვაქვს. ჩვენ ბევრს ვკამათობთ, თუ როგორ უკეთესია ამ საერთო ამოცანის შესრულება. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში კომპეტენტური, ობიექტური და კეთილგანწყობილი არბიტრის მონაწილეობა. სწორედ ასეთი არბიტრია ევროპა,”- განაცხადა დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი ”ღრმა რწმენით, კონფლიქტის მოგვარების გასაღები სწორედ ევროპაშია”.
”კონფლიქტის მოგვარების გასაღები ევროპულ და დემოკრატიულ სამხრეთ ოსეთშია. კონფლიქტის მოგვარების გასაღები თქვენს აქტიურ მონაწილეობაშია, ევროპული დიპლომატიის გააქტიურებაშია,”- განუცხადა სანაკოევმა დიპლომატებს ევროკავშირიდან.
სანაკოევმა მოუწოდა ”ევროპას, ევროპულ ინსტიტუტებს, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს აქტიურად ჩაერთონ მომავალ დებატებში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ”.
”იყავით აქტიურნი, რომ დავეხმაროთ ოს ხალხს და სამხრეთ ოსეთის მთელს მოსახლეობას. იყავით აქტიურნი, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ამდენი მსხვერპლისა და ზიანის მომტანი კონფლიქტი. იყავით აქტიურნი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი,”- დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)