კონფერენცია სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე
საქართველოს ხელისუფლება ევროპელ პარტნიორებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებს გააცნობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 3-4 ივლისს ბათუმში იმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები; ასევე ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციას სიტყვით მიმართავს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზატორები არიან ფრიდრიხ ებერტის ფონდი და “ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ ევროპული ცენტრი” – GEPLAC-ი.
საქართველომ და ევროკავშირმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას გასული წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.
სამოქმედო გეგმა 5 წელზეა გათვლილი და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს.
გეგმის შესრულება ”წაახალისებს და დაეხმარება საქართველოს მიზანს ევროპულ ეკონომიკასა და სოციალურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის თაობაზე,”- ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)