პარლამენტმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონი მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 110 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) შესახებ.
კანონპროექტში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ ნათქვამია, რომ 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე შესაძლოა შეიქმნას ასეთი ზონა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თავად მთავრობისა ან იურიდიული და კერძო პირების ინიციატივის საფუძველზე. ამგვარ მულტისავალუტო ზონაში მოქმედი უცხოური კომპანიები მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ასევე მათ მიერ განხორციელებული ოპერაციები არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტი დანარჩენ საქართველოში გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან.
კანონი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც თიზ-ის შექმნა ნავარაუდევია პორტებსა და აეროპორტებში ფოთში, თბილისსა და ბათუმში.
ოპოზიცია და უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა კანონის მიღებას იმ მოტივით, რომ თიზ-ი შესაძლოა იქცეს ფულის გათეთრებისა და სხვა უკონტროლო ოპერაციების ტერიტორიად. თუმცა ხელისუფლების მტკიცებით, თიზ-ი ქვეყანას ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)