სააკაშვილი რუსეთის სანქციებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთს სურს საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ზოგიერთი ეკონომიკური სანქცია გააუქმოს, თუმცა ”მე ფრთხილ ოპტიმიზმს ვიჩენ” ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.


”ჩვენ ჯერ ისევ საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა ვფიქრობ მალე მივალთ იქამდე [სანქციების მოხსნამდე]. ჩვენ რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონეებზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენი პროდუქტების დაბრუნების თაობაზე,” – განაცხადა სააკაშვილმა ”როიტერთან” ინტერვიუში.


რუსეთმა ქართული ღვინის და მინერალური წყლების იმპორტი გასული წლის დასაწყისში აკრძალა. 2006 წლის ოქტომბერში რუსი ჯაშუშების გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ კი მოსკოვმა საქართველოსთან საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა.


თუმცა, მიუხედავად სანქციებისა, საქართველომ თითქმის 10%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ”მადლობა უნდა გადაუხადოს რუსეთს თანამედროვე ქართული ეკონომიკის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის, რადგანაც ამ სანქციებმა მართლაც უბიძგა ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენს ბიზნესმენებს დივერსიფიცირებისკენ,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)