კოვალენკო: სამხრეთ ოსეთში ახალი მოთამაშეების საჭიროება არ არსებობს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ”ახალი მოთამაშების და ახალი მხარეების” საჭიროება არ არსებობს, განაცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 4 ივლისს.
მან ამ განცხადებით ოფიციალურ თბილისს გასცა პასუხი, რომელიც ცდილობს წინ წამოწიოს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
”კონფლიქტში არსებობს ორი საერთაშორისო დონეზე აღიარებული მხარე – ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები,” – განაცხადა კოვალენკომ. მას მხედველობაში ჰყავდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება.
თუმცა, პრეზიდენტი სააკაშვილი არ ეთანხმება რუსეთის ელჩის ამ პოზიციას. 4 ივლისს თბილისის საკრებულოს წევრებთან საუბრისას მან განაცხადა: ”პირადად მე, ძალიან მაღიზიანებს როდესაც მესმის გამონათქვამი – ოსური მხარე, ქართული მხარე”.
”არ არსებობს არანაირი ოსური და ქართული მხარე, არის მხოლოდ საქართველოს მხარე და სწორედ საქართველოს მხარეს არიან ეთნიკური ოსები და ეთნიკური ქართველები,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი ეს განცხადება ასახავს თბილისის მცდელობებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი წარმოაჩინოს არა როგორც ”ეთნიკური კონფლიქტი”, არამედ როგორც კონფლიქტი, რომელშიც ცხინვალის ”კრიმინალური ელემენტები” არიან ჩართული და რომლებითაც მანიპულირებენ რუსეთის ”გარკვეული ძალები”.
თბილისის აქტიური მხარდაჭერა დიმიტრი სანაკოევის მიმართ სწორედ ამგვარი ხედვის და პოლიტიკის გამოვლინებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)