თბილისი ”არამეგობრულს” უწოდებს ბაღაფში-ლუჟკოვის შეთანხმებას
თბილისი ”არამეგობრულს” უწოდებს აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშსა და მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს შორის 9 ივლისს რუსეთის დედაქალაქში გაფორმებულ შეთანხმებას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ბაღაფში-ლუჟკოვის შეთანხმება თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც ქართული მხარის განცხადებით, ეწინააღმდეგება დსთ-ს მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, დსთ-ს ქვეყნები და მათ შორის რუსეთიც, იღებენ ვალდებულებას, რომ თბილისთან შეთანხმების გარეშე არ დაამყარებენ სავაჭრო-ეკონომიკურ, ფინანსურ, სატრანსპორტო და სხვა სახის ურთიერთობებს სეპარატისტულ აფხაზეთთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)