აფხაზეთის კონფლიქტი სოჭის ოლიმპიადას დაბრკოლებას არ შეუქმნის – აცხადებენ რუსეთში

აფხაზეთის კონფლიქტმა არ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას  სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2014 წელს, რადგან ის ამ დრომდე მოგვარდება, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის უფროსმა თანაშემწემ ვლადიმერ კოჟინმა 12 ივლისს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის”.


”არა მგონია, რომ პრობლემები წარმოიქმნას აფხაზეთთან დაკავშირებით. კონფლიქტი მოგვარდება… და რუსეთი შეასრულებს გარანტორის როლს, რათა უზრუნველყოს [კონფლიქტის მოგვარება] მოლაპარაკებათა მაგიდასთან,”- განაცხადა კოჟინმა.


”ჩვენ ვერ მოვიგებდით ოლიმპიურ განაცხადს, პრობლემა სერიოზული რომ ყოფილიყო,”- დასძინა მან.


ვლადიმერ კოჟინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის გარდა ასევე ხელმძღვანელობს სპორტის ზამთრის სახეობების ასოციაციას რუსეთში.


სოჭი 40 კმ-ზე ნაკლების მანძილით არის დაშორებული თვითგამოცხადებული აფხაზეთიდან.


ქართველ მიმოხილველთა ნაწილი, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლება მიესალმა სოჭის გამარჯვებას იმ მოტივით, რომ ეს დადებითად წაადგება სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებას.


ექსპერტთა ნაწილი გაცილებით ფრთხილად მოეკიდა ამ საკითხს და განაცხადა, რომ რუსეთი ოლიმპიადის გამო კიდევ უფრო მეტად შეეცდება გაყინოს კონფლიქტის მოგვარების პროცესი.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)