სოხუმს თურქეთთან საზღვაო კავშირის დამყარება სურს
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის საზღვაო კავშირის დაწყების საკითხი განიხილება; თუმცა პირობები ჯერჯერობით შესათანხმებელია.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ეს საკითხი ბონში ივნისის ბოლოს გამართულ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზეც იქნა განხილული, იტყობინება ”აფსნიპრესი” 13 ივლისს.
შამბას თქმით, საზღვაო კავშირი სოხუმსა და ტრაბზონს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯია აფხაზეთსა და თურქეთის აფხაზურ დიასპორას შორის ურთიერთობების აღსადგენად.
”[თურქეთთან საზღვაო კავშირის შემთხვევაში] საქართველო დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთში მომავალი გემების შემოწმებას ფოთის ან ბათუმის პორტებში. თუმცა, ჩვენ ამის წინააღმდეგ წავედით. შემდეგ ქართულმა მხარემ მოითხოვა გემების შემოწმება საერთაშორისო წყლებში. თუმცა, ეს წინადადებაც მიუღებელია,” – განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, სოხუმი გემების მხოლოდ რუსი სამშვიდობოების ან გაეროს დამკვირვებლების მიერ შემოწმებაზე დათანხმდება.
თურქეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო კავშირის ლეგალიზების საკითხი პირველად 2005 წელს დაისვა; თუმცა, მას შემდეგ ეს საკითხი არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)