ფოთის პორტში თიზ-ის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა
ფოთის პორტის იჯარით გაცემისა და მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის მიზნით ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საერთაშორისო კომპანიებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
განაცხადების შეტანის ვადა 14 სექტემბერს იწურება.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად შემოთავაზებულია 400 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება პორტს ჩრდილოეთიდან და მიუყვება ზღვის სანაპიროს. პორტის იჯარის სავარაუდო ხანგრძლივობაა 49 წელი.
კონკურსის პირობების თანახმად ინვესტორმა უნდა განავითაროს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ძირითადი ინფრასტრუქტურა, მოაწყოს აუცილებელი შენობა-ნაგებობები; ასევე ინვესტორის მოვალეობაში შედის ზონაში საერთაშორისო კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვა.
არაბულმა კომპანიამ ”რაკიინ დეველოფმენთმა”, რომელსაც რასელ ხაიმას საამირო მართავს, საქართველოში 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დაგეგმილი ინვესტიციის ფარგლებში უკვე გამოხატა ინტერესი ფოთის პორტში თავისუფალი ინდუსტიული ზონის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონი 3 ივლისს დაამტკიცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)