საფრანგეთის ელჩი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს
საქართველოს გააჩნია საფრანგეთის სრული მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში, რაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრისას გასულ თვეს, განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ფილიპ ლეფორმა ”24 საათისა” და ”რეზონანსითვის” მიცემულ ცალ-ცალკე ინტერვიუებში.
”ეს გახლდათ მართლაც წარმატებული დიალოგი ჩვენი სახელმწიფოების მესვეურებს შორის… საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი [ბერნარ კუშნერი] განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება საქართველოს და აღიარებს მის მნიშვნელობას, როგორც მთლიანად კავკასიის რეგიონის, ასევე ევროპისთვის,” – განუცხადა მან გაზეთ ”24 საათს”.
გაზეთ ”რეზონანსის” კითხვაზე, თუ როგორია საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩმა უპასუხა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები ყველა სფეროში ალიანსთან ”ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად”.
ამჟამად, საქართველო ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპზე იმყოფება. ნატოსთან ინტენსიური დიალოგი განიხილება, როგორც წინა ეტაპი ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასასვლელად. ეს უკანასკნელი კი ნატოს წევრობისკენ მიმავალი გზაა.
საფრანგეთის ელჩმა ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოში სამოქალაქო ბირთვული რეაქტორის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ბირთვულ ენერგეტიკაში საფრანგეთის წამყვანი კომპანიის AREVA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ლოვერჟონმა 13 ივნისს პარიზში განიხილეს.
ეს თემა განხილვის საწყის ეტაპზეა და არც საქართველოს, არც AREVA-ს პროექტზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, განაცხადა ფილიპ ლეფორმა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ პროექტი ”რენტაბელურია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)