ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის ორ ძირითად პრინციპზე ხელისუფლების პასუხს ელის

ხუთი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს საარჩევნო კანონმდებლობაზე დიალოგს ხელისუფლებასთან, რაც მიიღებს მათგან პასუხს ორ ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით – გადაიხედოს ”მოგებულს ყველაფერი რჩება” მაჟორიტარული სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტდეს პარიტეტულ საწყისებზე.


ოპოზიცია აქვე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა არ არის ”ულტიმატუმი”.


”ოპოზიცია უბრალოდ სთავაზობს თანამშრომლობას და ჩვენი წინადადებების გაზიარების შემთხვევაში, მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არჩევნებთან დაკავშირებით… ჩვენ ველოდებით ხელისუფლების ოფიციალურ რეაქციას ამ საკითხებზე,”- განაცხადა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.


დღევანდელ ბრიფინგზე გახმოვანდა ”სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ძირითადი წინაპირობების შესახებ” მემორანდუმის შინაარსი, რომელსაც ახალი მემარჯვენეების, კონსერვატიული პარტიის, ლეიბორისტების, მრეწველების და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა 12 ივლისს მოაწერეს ხელი.


”ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას 2008 წლის არჩევნებზე სამართლიანი წესებით კონკურენციის პირობების შექმნას,”- განაცხადა ბრიფინგზე კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა კახა კუკავამ.


”თუ არ შეიცვალა კანონმდებლობა, პროცესი განვითარდება არა საარჩევნო გზით, არამედ გადავა ქუჩაში,”- აცხადებს ლეიბორისტი გიორგი გუგავა.


მემორანდუმში ოპოზიცია მოითხოვს მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს იმგვარად, რომ ამომრჩეველმა ხმები მისცეს არა კანდიდატთა ერთიან პარტიულ ჯგუფს, როგორც დღეს მოქმედი ნორმა ითვალისწინებს, არამედ კონკრეტულ კანდიდატებს, თუნდაც სხვადასხვა პარტიებიდან.


მეორე მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციების სამივე – ცენტრალურ, საოლქო და საუბნო – დონის შერეული სახით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს უკვე არსებულ საარჩევნო ადმინისტრაციებს დაემატოს წინა არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე 7 პარტიის პარიტეტული წარმომადგენლობა.


”მათ შორის ნაციონალური მოძრაობას ეყოლება კიდევ ერთი დამატებითი წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიებში ისევ უმრავლესობაში დარჩება, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა  მაგალითად არჩევნების შეჯამება, მიიღებოდეს კომისიის წევრთა 2/3-ით,”- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.


მისი თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ნაწილობრივ მაინც გაიზიარებს ოპოზიციის მოთხოვნებს, შესაძლებელია სხვა საკითხების, მათ შორის 7%-იანი ბარიერის დაწევისა და სიებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა.


ოპოზიციის განცხადებით, მემორანდუმის მოთხოვნებზე ინფორმირებულები არიან ეუთოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, რომელთა ეგიდითაც იმართებოდა რეგულარული შეხვედრები საარჩევნო თემაზიკაზე  და ასევე დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები.


ხელისუფლებას ოპონენტების მოთხოვნებზე ოფიციალურად ჯერ არ უპასუხია. თუმცა ”სივილ ჯორჯიას” უმრავლესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჯერ კიდევ მაისში განუცხადა, რომ ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგია როგორც მაჟორიტარული სისტემის შეცვლის, ისევ საარჩევნო ადმინისტრაციების პარტიული წესით დაკომპლექტების, რაც ”იქნება ნაბიჯი უკან”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)