არველაძე რკინიგზის გაყიდვას გამორიცხავს

ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის კატეგორიულად გამორიცხა რკინიგზის გაყიდვის შესაძლებლობა, თუმცა იქვე დასძინა, რომ არ არის გამორიცხული რკინიგზის მართვის უფლება რომელიმე კერძო კომპანიას გადაეცეს.


”თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ გეგმაზე და მონახაზზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია,”- განაცხადა გიორგი არველაძემ 16 ივლისს, საქართველოს რკინიგზის” 6-თვიანი მუშაობის შედეგების გაცნობის შემდეგ.


აქამდე რკინიგზის პრივატიზაციას კანონი კრძალავდა. თუმცა პარლამენტის მიერ გასულ კვირას მესამე მოსმენით მიღებული კანონით ”სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” ეს შეზღუდვა მოიხსნა როგორც რკინიგზაზე, ისე რიგ სხვა ე.წ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე. 


ამ კანონის განხილვის დროს პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ძირითადი შეშფოთება სწორედ რკინიგზის შესაძლო პრივატიზაციამ გამოიწვია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზის შეძენით ჩინური მხარე იყო დაინტერესებული, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)