აშშ მიესალმა კოდორის დაბომბვის შესახებ გაეროს მისიის მოხსენებას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის შესახებ 12 ივლისს გამოქვეყნებულ მოხსენებას.


გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება მიანიშნებს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.


”ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობრივ თავდასხმას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. მოხსენება ადასტურებს კონკრეტული ღონისძიებების საჭიროებას, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ანალოგიური თავდასხმები,” – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ ზემო კოდორის ხეობაში დაარსდეს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) სადამკვირვებლო პუნქტი.


სამინისტროს მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტი ხელს შეუწყობს 11 მარტის დაბომბვის მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას.

”ქართულ მხარეს სასურველად მიაჩნია ზემო აფხაზეთის სოფელ აჟარაში დაარსდეს UNOMIG-ის მუდმივმოქმედი სადამკვირვებლო პუნქტი, რომელსაც ექნება შესაბამისი აღჭურვილობა მსგავსი ფაქტების დასადგენად, მათ შორის საარტილერიო რადარი და შესაძლებელია უპილოტო თვითმფრინავები საჰაერო სივრცის გაკონტროლებისა და დაზვერვისათვის,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივლისს. 


გაეროს მისიის მოხსენება არა მხოლოდ იმას ვარაუდობს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ კოდორის ხეობის დაბომბვაში, არამედ მიანიშნებს, რომ ხეობას საარტილერიო ცეცხლი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუხსნეს.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე შეაქო საქართველოს ხელისუფლება თავდასხმის დროს გამოჩენილი თავშეკავებისთვის და გამოძიების პროცესში გაეროს მისიასთან თანამშრომლობისთვის.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს ”რაც შეიძლება სწრაფად წაიწიონ წინ და გაითვალისწინონ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის რეკომენდაციები ნდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე, უმაღლეს დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლების ჩათვლით”.


”ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით,” – ნათქვამია განცხადებაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)