აფხაზეთის შს მინისტრი პირობას დებს, რომ გამოიძიებს ანქვაბზე თავდასხმას

იმ პირებს, ვინც აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა განახორციელა, დავიჭერთ და დავსჯით, განაცხადა თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ.


”თუმცა, ამისათვის დრო გვჭირდება,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” 19 ივლისს დე ფაქტო შს მინისტრზე დაყრდნობით . ”ეს საქმე ერთ დღეში ვერ გაიხსნება,” – დასძენს ხეცია.


ანქვაბის დაჯავშნულ ავტომანქანას ყუმბარტყორცნიდან ცეცხლი გუდაუთის მახლობლად 9 ივლისს გაუხსნეს. ბოლო ორი წლის მანძილზე ეს მისი მკვლელობის უკვე მესამე მცდელობა იყო.   


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 10 ივლისს გააფრთხილა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობა, რომ გაათავისუფლებს მათ, თუ ორი კვირის მანძილზე გამოძიება შედეგს ვერ გამოიღებს.


დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა საფარბეი მიკანბამ 16 ივლისს ”აფსნიპრესს” განუცხადა, რომ ”გარკვეული პროგრესი” არსებობს საქმის გამოძიებაში.


დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა, თუმცა, დასძინა, რომ რუსი სამართალდამცავები მათ დახმარებას უწევენ, მათ შორის მტკიცებულებათა ექსპერტიზის გზითაც.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)