კომპანია ”ყაზბეგი” ცხინვალის რეგიონში 5 პროექტს განახორციელებს

კომპანია ”ყაზბეგის” ხელმძღვანელი გოგი თოფაძე, რომელიც ასევე ოპოზიციური პარტიის ”მრეწველების” ლიდერია, ცხინვალის რეგიონის დროებით ადმინისტრაციასთან ერთად წელს ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების 5 პროექტს განახორციელებს.


ამის შესახებ გადაწყვეტილება გოგი თოფაძემ აპრილში დროებითი ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.


კომპანიამ უკვე გამოუყო სანაკოევის ადმინისტრაციას 200 ათასი ლარის ოდენობით ორი ტრანში სავაჭრო ცენტრის მშენებლობისა და ხილის მიმღები პუნქტების შექმნის მიზნით.


წლის განმავლობაში კიდევ სამი ტრანში გამოიყოფა მეფუტკრეობის განვითარების, მეცხოველეობის პროდუქტების ჩაბარება/დისტრიბუციისა და ადგილობრივი სამშენებლო ნედლეულის გადასამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.


კომპანია ”ყაზბეგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა სხიერელმა 21 ივლისს ”სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ პრიორიტეტულ სფეროებსა და ბიზნეს გეგმებს თავად დროებითი ადმინისტრაცია განსაზღვრავს და წარუდგენს ”ყაზბეგს”, რომელიც ურიცხავს ადმინისტრაციას თანხებს მათ დასაფინანსებლად.


”ჩამოყალიბდა კარგი პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა ამ წუთში ამას ყველაფერს მხოლოდ დახმარების სახე აქვს. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მომავალში კომპანიას საკუთარი ბიზნეს-ინტერესებიც გაუჩნდეს რეგიონში,”- აცხადებს სხიერელი.


მისი თქმით, ”ყაზბეგი”  ცხინვალის რეგიონში საინვესტიციო პროექტებს  მომავალ წელსაც გააგრძელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)