ფოთში თიზ-ის შექმნაზე განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურის იჯარით გაცემისა და ნავსადგურის მიმდებარე 400 ჰა ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) შექმნისა და 49-წლიანი მართვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2007 წლის 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა, იტყობინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.


სამინისტრომ კონკურსი შუა ივლისში გამოაცხადა და განაცხადების მიღების ბოლო ვადად თავდაპირველად 15 სექტემბერი დაასახელა.


ფოთში თიზ-ის განვითარებისადმი ინტერესი უკვე გამოხატა არაბულმა კომპანიამ ”რაკიინ დეველოფმენთმა” საქართველოში 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დაგეგმილი ინვესტიციის ფარგლებში. ამ კომპანიას რასელ ხაიმას საამირო მართავს.

უფრო ადრე, თებერვალში ფოთის პორტში თიზ-ის შექმნის პოტენციალს ადგილზე გაეცნენ კომპანია Dubai World -ის წარმომადგენლები ასევე გაერთიანებულ არაბთა ემირატებიდან.  

ფოთის საზღვაო ნავსადგურს, რომელიც პირდაპირი საზღვაო მარშრუტებით უკავშირდება ევროპისა და აზიის უმსხვილეს პორტებსა და ჩართულია ქვეყნის სარკინიგზო ქსელში, 2006 წელს 7 მლნ ტონიანი ტვირთბრუნვა ჰქონდა. ფოთის ნავსადგურს გააჩნია გამტარუნარიანობის გაფართოებისა და წლიურად 25 მილიონ ტონამდე ტვირთის მოზიდვა-მომსახურების პოტენციალი, აცხადებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)