სააკაშვილი პატიმართა შეწყალების პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ივლისს განაცხადა, რომ იგი ”ბევრად უფრო შეზღუდული მასშტაბით” გამოიყენებს პატიმართა შეწყალების საპრეზიდენტო უფლებას.
”ამას წინათ წარმომიდგინეს შეწყალების კომისიიდან ძალიან გრძელი სია… ეს სია წარმოადგინეს კმინალების მიერ საპატრულო პოლიციის 35 წლის თანამშრომლის მოკვლიდან მეორე დღეს,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა 17 ივლისს ლესელიძის ქუჩაზე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების მცდელობა. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააპტიმრა, რომელთაც ბრალი ედებათ პოლიციელის მკვლელობაში და ასევე ძარცვის მცდელობაში. ასევე დაკავებულია რვა პიროვნება, რომელთაც ეჭვმიტანილთა ადგილბდებარეობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ედებათ ბრალი (მათ შორისაა მომღერალი აჩი ფურცელაძე).
”მე შეწყალების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. მე სიამოვნებას მანიჭებს თითოეული შეწყალების აქტის ხელმოწერა. მაგრამ მე ვარ ძალიან პრინციპულად განწყობილი, რომ კრიმინალი, რომელიც საშიშია საზოგადოებისთვის, არ აღმოჩნდეს ხელახლა ქუჩაში – როგორც ეს, ოთხჯერნასამართლევი აღმოჩნდა ქუჩაში. მე იმაში ვარ დაინტერესებული, რომ ის ვინც საშიშია გარეთ არ გავიდეს, ნებისმიერი ლობირების მიუხედავად… ამიტომ, ამ სიებს მე განვიხილავ ბევრად უფრო დაწვრილებით, ბევრად უფრო სკრუპულოზურად, ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში და გამჭირვალედ და ბევრად უფრო შეზღუდული მასშტაბით გამოვიყენებ ამ [პატიმართა შეწყალების] უფლებას,” – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც თბილისის მასშტაბით დაყენებული 400 ვიდეოკამერის მუშაობას გაეცნო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)