სოხუმი მიესალმა გაეროს მოხსენებას აფხაზეთის შესახებ

სოხუმი ”ძალიან კმაყოფილია” აფხაზეთის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებით, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 24 ივლისს.


მან აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება ასახავს ყველა იმ პუნქტს, რომლებიც სოხუმმა ბონში ივნისში გამართული ”მეგობარი ქვეყნების” შეხვედრაზე დააყენა.


უშიშროების საბჭოსადმი მოხსენებაში, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა მოუწოდა თბილისსა და სოხუმს ”გააორმაგონ მცდელობები, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა საომარი მოქმედებების განახლება გამოიწვიოს”.


გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს გაიყვანოს ”პატრიოტთა ბანაკი” კონფლიქტის ზონიდან.


”მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება პირდაპირ მოუწოდებს ქართულ მხარეს გადაიტანოს ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთთან არსებული საზღვრიდან სხვა ადგილას,” – იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


”მიუხედავად იმისა, რომ ბონის შეხვედრიდან ერთი თვე გავიდა, რეალური ნაბიჯები მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად არ გადადგმულა. საქართველო განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების წინადადებების იგნორირებას,” – დასძინა შამბამ.


თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა არაფერი თქვა მოხსენების იმ ნაწილის თაობაზე, რომელიც ზემო კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის სადამკვირვებლო პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს, 11 მარტის თავდასხმის ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.


”ამგვარი ღონისძიებები უეჭველად გაზრდის მისიის სამოქმედო შესაძლებლობებს, მათ შორის მისიის მონიტორინგის და დაკვირვების შესაძლებლობებს მათი მოქმედების არეალში,” – განაცხადა ბან გი-მუნმა მოხსენებაში.


თბილისი მიესალმა ამ წინადადებას, თუმცა სოხუმი კვლავ წინააღმდეგი რჩება. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებს, რომ სოხუმი მხოლოდ მაშინ განიხილავს ამ წინადადებას, თუ თბილისი ზემო კოდორის ხეობას დატოვებს. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)