პრეზიდენტი მინისტრებს აფრთხილებს მკურნალობის ხარჯები თავად აანაზღაურონ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”გააფრთხილა” მთავრობის წევრები, რომ საკუთარი ხარჯები გაიღონ სამკურნალოდ და საზოგადოებაში გაჩენილ ”ყველა კითხვას გასცენ ოპერატიულად პასუხი, ყოველგვარი გადადების და ორაზროვნების გარეშე”.
მთავრობის გასვლით სხდომაზე, რომელიც კახეთის რეგიონში დღეს გაიმართა, პრეზიდენტი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გია ხევიაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდა.
ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ”იმედმა” გადასცა სიუჟეტი, რომლის თანახმად გია ხევიაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს უგზავნის წერილს შინაარსით: ”ვარ უმწეო მდგომარეობაში; მესაჭიროება მკურნალობა; გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება” 1 270 ევროს ოდენობით. იმავე სიუჟეტში ნაჩვენებია ლადო ჭიპაშვილის წერილი, რომელშიც მინისტრი ავალებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს გადარიცხოს შესაბამისი თანხები.
”სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არცერთი თეთრი გია ხევიაშვილის მკურნალობისთვის არ გადაურიცხავს,”- განაცხადა პრეზიდენტის კითხვის პასუხად ჭიპაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თუმცა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ამ დრომდე ლადო ჭიპაშვილი, ისევე როგორც გია ხევიაშვილი თავს არიდებდა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მინისტრების დამატებითი შენახვის თანხები არ გააჩნია.
”როგორც ჩვენ გვაქვს უმწეოთა დაზღვევა საქართველოში, ისე მთავრობის თითოეული წევრი უნდა იყოს დაზღვეული, ოღონდ თითონ უნდა იხდიდეს თავის საკუთარი ხელფასიდან დაზღვევის თანხას,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”ხელფასები კარგი გაქვთ [3 ათასი ლარი], კიდევ უფრო მეტი ბევრი სხვა პირობა გაქვთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყოთ წესიერები, არა კორუმპირებულები და მითუმეტეს, სახელმწიფოს ზედმეტი არაფერი არ გამოართვათ,”- მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებს.
”იმედის” სიუჟეტში საუბარი იყო ასევე დეპუტატ ბესო ჯუღელზე, რომელიც ასევე ითხოვდა სამკურნალოდ სახელმწიფო შემწეობას. თუმცა პრეზიდენტს დეპუტატის თაობაზე ცალკე კომენტარი არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)