სააკაშვილი: 100 ახალი აგროსაწარმო დასაქმებას შეუწყობს ხელს

დღეს მთავრობის გასვლით სხდომაზე 100 ახალი აგროსაწარმოს პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ექსპორტის ხელშეწყობა.


პრეზენტაციას პრეზიდენტი სააკაშვილი დაესწრო და მას ”ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი” უწოდა.


პროგრამის მიხედვით,  რომელიც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარადგინა, 400-500 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის 100 ნაკვეთი ინვესტორებს, კონკურენტული შერჩევის გზით, სოფლის მეურნეობის საწარმოს შექმნის ვალდებულებით გადაეცემათ. საწარმო უნდა შეიქმნას 1 წლის განმავლობაში. ინვესტირების დამატებითი სტიმულირების მიზნით მიწის ნაკვეთში ინვესტორი გადაიხდის მიწის ღირებულების მხოლოდ 20%-ს.  შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს.


”დღეს მთავარი ის კი არ არის, რომ მიწაში მივიღოთ ბევრი ფული, მთავარი ის არის, რომ მიწის სანაცვლოდ მივიღოთ ახალი სამუშაო ადგილები,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პროგრამის ამოქმედების შედეგად 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


პრეზიდენტის თქმით, პროგრამის ამოქმედების ”პირველივე წელს 30-40 მილიონ ლარი დაუბრუნდებათ ამ მეწარმეებს წარმოების შემდგომი განვითარებისთვის. ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და ამ ადამიანების წარმატებული მუშაობისთვის საქართველოს სახელმწიფო ამ სექტორში სამი წლის განმავლობაში დამატებით 600-700 მილიონ ლარს ჩადებს”.

2005 წლიდან 108 ახალი საწარმო ამუშავდა სოფლის მეურნეობის სექტორში, რომლის წილიც მშპ-ში 12%-ს, ხოლო ექსპორტში 24%-ს შეადგენს. 


”ახლა ძირითადი ამოცანაა სერიოზულ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა, მითუმეტეს რუსეთის ემბარგოს პირველი შოკის გადატანის შემდეგ. ჩვენ გავედით 12 ახალ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციით, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი”, – განაცხადა სააკაშვილმა.


იგი ასევე შეეხო საექსპორტო ღვინის ხარისხის საკითხსაც და განაცხადა ”უხარიხსო ღვინო არ უნდა გადიოდეს საქართველოდან”.


”ქართული ღვინო, რომელიც ექსპორტზე გადის, თითქმის მთლიანად არის ხარისხიანი, მაგრამ ეს არ არის მაინც ის ღვინო, რადგან ახლა არის მთავარი  – კონკურენციის პრობლემა,”- განაცხადა პრეზიდენტმა. 


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ცდილობს შექმნას ეკონომიკური ზრდის ყველა წინაპირობა კორუფციის შემცირების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგიით მომარაგების პრობლემის მოგვარების და დაბალი გადასახადების დაწესების გზით და ”ახლა ჯერი ბიზნესზეა”. 


მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს წელს 12-15%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდის ამბიციური გეგმები გააჩნია.


”მთავარი ახლა არის, რომ ეს ზრდა გადანაწილდეს თანაბრად მთელ ეკონომიკაზე,”- დასძინა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)