თბილისი და ცხინვალი წყალმომარაგების საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
თბილისი და ცხინვალი შეთანხმდნენ ითანამშრომლონ რეგიონში არსებული წყლის მიწოდების პრობლემების მოგვარების საქმეში. ორივე მხარემ დაადასტურა ამგვარი შეთანხმება 1 აგვისტოს.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მან სატელეფონო საუბარი გამართა ამ საკითხთან დაკავშირებით თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა მინისტრთან ბორის ჩოჩიევთან.
მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს წყალსადენის ერთობლივ მონიტორინგს ჯავის რაიონიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ჩათვლით, მთელს პერიმეტრზე.
”სპეციალისტების ერთობლივ ჯგუფს მიეცემა ჯავაში მონიტორინგის განხორციელების საშუალება,”- განაცხადა ბაქრაძემ.
აქამდე ოსური მხარე არ თანხმდებოდა ჯავის რაიონში ქართველი სპეციალისტების დაშვებას. ჯავა კონფლიქტის ზონის – ცხინვალიდან 15 კმ-იანი რადიუსის ტერიტორიის – გარეთ მდებარეობს.
”თუ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ეს წაადგება რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებას,”- განუცხადა დღეს ბაქრაძემ ტელეკომპანია ”მზეს”.
იმავდროულად სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 1 აგვისტოს ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებზე გამავალი წყალსადენის შეკეთებასთან დაკავშირებით.
”სპეციალისტები სამხრეთ ოსეთიდან დაიშვებიან თამარაშენი-კეხვის მონაკვეთზე წყალსადენის აღდგენით სამუშაოებზე,”- განაცხადა ჩოჩიევმა.
თუმცა მას არაფერი უთქვამს ჯავის რაიონში ერთობლივი მონიტორინგის თაობაზე. ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ სამუშაოები გაგრძელდება ”სხვა მონაკვეთებზეც”, თუ დაგეგმილი სამუშაოები შედეგს ვერ გამოიღებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)