სოხუმში აცხადებენ, რომ ტურისტთა რაოდენობა ’რეკორდულია’
სოხუმში აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონზე დამსვენებელთა ”რეკორდული” რაოდენობა ფიქსირდება აფხაზეთში.
”დამსვენებელთა ასეთი მოზღვავება არ ყოფილა მთელი ომის შემდგომი წლების განმავლობაში,”- იუწყება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილის საიდ ტარკილის სიტყვებზე დაყრდნობით.
ცოტა ხნის წინ სოხუმმა გაამარტივა რუსეთიდან საზღვრის გადმოკვეთის პროცედურები.
”თუმცა მაინც დგას რიგების პრობლემა [საზღვარზე],”- დასძენს ტარკილი, ”დღეში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს კვეთს ტურისტების 600-ზე მეტი მანქანა, 70-მდე საექსკურსიო ავტობუსი და აღურიცხავი ფეხით მოსიარულე”.
იმავდროულად, ”აფსნიპრესი” დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე ოთარ ხეციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საკურორტო სეზონზე კრიმინოგენული სიტუაცია აფხაზეთში სტაბილურია, მილიცია კი სამსახურის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი.
თუმცა ხეცია აქვე დასძენს, რომ გრძელდება 9 ივლისს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამოძიება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)