სოხუმი აპროტესტებს ზემო კოდორის ხეობაში ნატოს საინფორმაციო ოფისის გახსნას
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება პროტესტს გამოთქვამს ზემო კოდორის ხეობაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის კოდორის ოფისი 26 ივლისს, ხეობაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სრული კონტროლის აღდგენის ერთი წლის იუბილეზე გაიხსნა.
”საქართველომ რაც არ უნდა გახსნას ზემო კოდორის ხეობაში, იქნება ეს ნატოს საინფორმაციო ცენტრი თუ პატრიოტული ბანაკი, ეკლესია ან სხვა რამ, ხეობის ზემო ნაწილი მაინც აფხაზეთის ტერიტორიაა,”- იუწყება 2 აგვისტოს ”აფსნიპრესი” აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
2 აგვისტოს ამ თემაზე საპროტესტო განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყებამაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის ქმედება არის ”საქართველოს ღია მისწრაფება პროვოკაციების და დაშინების პოლიტიკისადმი.”
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის დესტაბილიზიციის მცდელობა იმ რეგიონისა, ”რომელიც თანდათან გადადის მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარების რელსებზე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოების წინ”.
სოხუმს სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართვა სურს, თუმცა თბილისი მოუწოდებს მოსკოვს ეს საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)