თბილისი ცხინვალს შსკ-ს სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება, ”სულელური” ბრალდებებით ქართული სპეცსამსახურების მიმართ ცხინვალში ტერაქტის მოწყობის მცდელობის თაობაზე,  მიზნად ისახავს 9-10 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ჩაშლას, განაცხადა დღეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ.


სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ბორის ატოევმა დღეს ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ქართველი ჟურნალისტებიც ესწრებდნენ, განაცხადა, რომ თბილისი ტერაქტს დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ გეგმავდა. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება.


მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე დამზადებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ცხინვალში აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთის უშიშროების ოფიცრის ინალ კოლიევის დახმარებით, რომელიც წელიწად ნახევრის განმავლობაში საიდუმლოდ მუშაობდა ქართულ სპეცსამსახურებთან.


ატოევის განცხადებით, ტერაქტის მოწყობაში საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნები და გორის უშიროების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


თბილისში აცხადებენ, რომ სპეციალურმა ჯგუფმა რუსი სამშვიდობოების, ჩრდილოეთ ოსური, ქართული მხარეების და ეუთოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, თავის ოფიციალურ დასკვნაში არ დაადასტურა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის ფაქტი.


”უფრო მეტიც, ამავე ანგარიშის მიხედვით, თვით ე.წ უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმაც კი ვერ მისცეს სპეციალურ ჯგუფს ვერანაირი ინფორმაცია ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის თაობაზე,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, ცხინვალმა უკვე ტრადიციად აქცია შსკ-ს სხდომის წინ პროვოკაციების გზით ვითარების გამწვავება.


”ჩვენ არ ვაპირებთ პრინციპული შეფასების გარეშე დავტოვოთ ცხინვალის რეჟიმის მცდელობები დაძაბოს სიტუაცია რეგიონში, ჩაშალოს შსკ-ს სხდომა და დააბრალოს ქართულ მხარეს ისეთი ქმედებები,  რომელშიც არათუ შემჩნეული არ ყოფილა არასოდეს, არამედ თვითონ ებრძვის რეგიონის ტერიტორიაზე,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ 3 ივლისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)