აფხაზეთს სურს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადის მზადებაში
მოსკოვს ოფიციალურად არ შემოუთავაზებია სოხუმისთვის ჩაერთოს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მზადებაში, აცხადებს აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთის კერძო კომპანიებთან აფხაზეთში არსებული სამშენებლო მასალების გამოყენების შესახებ.
ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობისას სულ ცოტა 20 მლნ კუბური მეტრი სამშენებლო ქვიშა-ხრეშია საჭირო, იუწყება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ შეგვიძლია წლიურად მილიონი ტონა ხრეში ვაწარმოოთ.”
ბაღაფშის განცხადებით, რუსული კომპანიები მზად არიან აღნიშნულ წარმოებაში 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ.
”ჩვენ ვმუშაობთ კომერციულ სტრუქტურებთან. სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობები ოლიმპიადის ირგვლივ ჯერ არ დაწყებულა,”- აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი.
თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ამ თემაზე შედგეს შეხვედრები რუსეთის ხელმძღვანელობასთან და მეზობელი, კრასნოდარის მხარის ოფიციალურ პირებთან.
დე ფაქტო პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთის მონაწილეობას ოლიმპიადის მზადებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური აღმავლობისათვის.
სოჭის ოლიმპიადაში აფხაზეთის შესაძლო როლზე განსხვავებული მინიშნებები გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში.
9 ივლისს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის ჩატარება წარმოუდგენელია ისეთი ”კეთილი მეზობლის” მონაწილეობის გარეშე, როგორიც აფხაზეთია.
19 ივლისს კი რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჟუკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში არის ყველა საშუალება ცემენტის ქარხნების ასაშენებლად, რომელთა ნაწარმის გამოყენებაც შესაძლებელია სოჭში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
ამ განცხადებებს, ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ამგვარ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მოსკოვი ამ საკითხს თბილისთან შეათანხმებს.
27 ივლისს საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ოლიმპიადის მომზადების პროცესში აფხაზეთის ჩართვით, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს თბილისთან შეთანხმებით გაკეთდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)