”გზა მშვიდობისა, კოკოითი” – კამპანია დაიწყო

მშვიდობიანი კამპანია, რომლის ძირითადი მიზანია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის, ედუარდ კოკოითის თავიდან მოშორება, დაიწყო, განაცხადა რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა 5 აგვისტოს.


სანაკოევის განცხადებით, კამპანიაში “კოკოითი ფანდარასტ” – რაც ოსურ ენაზე გზა მშვიდობისას ნიშნავს – ცხინვალსა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე მაცხოვრებლებიც ჩაერთვებიან.


”ჩვენ ყველას გვესმის, რომ ცხინვალის რეჟიმის რიტორიკა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თაობაზე ილუზიაა”, – განაცხადა ვლადიმერ სანაკოევმა, ”ცხინვალშიც ასევე კარგად ხვდებიან ამას, მაგრამ ეშინიათ ღიად საუბარი”.


მშვიდობიან კამპანიას მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის” განახორციელებს, რომელიც დიმიტრი სანაკოევმა მარტში, დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნამდე დააფუძნა.


ადმინისტრაციის სპიკერმა, ვლადიმერ სანაკოევმა მოძრაობის პრეზენტაცია თბილისში, ახლადგახსნილ ოსური კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართა. ვლადიმერ სანაკოევს სატელევიზიო მიმართვისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ფონს უქმნიდნენ ყვითელ მაისურებში გამოწყობილი მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც მოძრაობის დროშებს აფრიალებდნენ. დროშებზე გამოსახული იყო კამპანიის ემბლემა – საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი ნიშანი: ძახილის ნიშანი  – ! – თეთრ, წითლად შემოსაზღვრულ სამკუთხედში.


ამ სიმბოლოთი მოძრაობა გაფრთხილებას უგზავნის ედუარდ კოკოითს, რომ ”დროა ბოლო მოეღოს მის ტირანიას”, განაცხადა ვლადიმერ სანაკოევმა.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს მართავს რუსეთიდან შემოგზავნილი ხალხი და ერთადერთი გზა ამ ხალხისგან გათავისუფლდეს სამხრეთ ოსეთი, არის ”თავად კოკოითის თავიდან მოშორება”.


”კოკოითი სამხრეთ ოსეთის მომავლის მკვლელია,”- განაცხადა ვლადიმერ სანაკოევმა, ”და ჩვენ არ შევწყვეტთ მშვიდობიან აქციებს, სანამ მიზანს არ მივაღწევთ”.


ამ კამპანიის დაწყების გეგმები გასულ თვეში გახმოვანდა, რასაც წინ უძღოდა საქართველოს ეთნიკური ოსური მოსახლეობის კონფერენცია, რომელიც 22 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში გაიმართა.


აღნიშნული მოძრაობა ჯდება იმ მიმართულებაში, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივლისის დასაწყისში ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების გასაღები ”ხალხის ძალაშია”, როცა რიგით ადამიანებს მიეცემათ აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)