თბილისი მოსკოვს დაბომბვაში ადანაშაულებს
თბილისმა მოსკოვი ტერიტორიის დაბომბვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, ხუთი თვის შემდეგ რაც თბილისის კონტროლირებადი ზემო კოდორის ხეობა სამხედრო ვერტმფრენებმა დაბომბეს.
სულ ცოტა ერთმა მოიერიშე თვითმფრინავმა, სულ ცოტა ერთი ჭურვი გაისროლა რომელიც გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და შავშვების სიახლოვეს დაეცა. თავად ფაქტს რუსული, ოსური და ქართული მხარეები ადასტურებენ, თუმცა განსვავებულია მომხდარის დეტალები და მათი ინტერპრეტაცია.
თბილისის ბრალდებები
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ცნობით SU-24 ტიპის ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე 6 აგვისტოს დაახლოებით 19:30 საატზე დაარღვია. მათი მტკიცებით ერთ–ერთმა მათგანმა მართვადი ”ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც არ აფეთქებულა.
”ჩვენ გვაქვს სარადარო მონაცემები, რომლითაც დასტურდება რომ თვითმფრინავი რუსეთის მხრიდან, ყაზბეგის რაიონის თავზე შემოფრინდა და ამავე მიმართულების გავლით დატოვა საქართველოს საჰაერო სივრცე,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
ქართული მხარე სარადარო მონაცემებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ თვითმფინავები ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ მოზდოკში არსებული საჰაერო ბაზიდან დაიძრნენ.
თბილისში მომხდარი უკვე შეაფასეს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ აგრესია.
”მე ამას შევაფასებ ისე, როგორც უცხო ქვეყნიდან შემოფრენილი თვითმფრინავის მიერ განხორციელებულ აგრესიას,”- განაცხადა მერაბიშვილმა.
რუსეთის პასუხი
რუსეთმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყო. ოფიციალურმა პირებმა რამოდენიმე ისეთი განცხადებაც გააკეთეს, რომლითანც აშკარად მიანიშნეს, რომ ინციდენტი თავად ქართული მხარის მიერ შესაძლოა ყოფილიყო ორგანიზებული.
საქართველოში რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო 7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა რომ მან არ იცოდა თუ რა მოხდა. „ეს კითხეთ მანთ ვინც ეს მოაწყო,“ უთხრა მან
„სხვათა შორის, SU ტიპის თვითმფრინავები არის ასევე ქართულ შეიარაღებულ ძალებში,”- აღნიშნა კოვალენკომ,“ დასძინა კოვალენკომ.
რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩმა, იური პოპოვმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის საკითხებს კურირებს, განაცხადა რომ ინციდენტში არა SU-24 ტიპის როგორც ამას თბილისი ამტკიცებს, არამედ SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ SU-25 ტიპის მოიერიშეები ქართული საჰაერო ძალების შეიარაღებაშია.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარში თბილისი პირდაპირ დაადანაშაულა. მისი თქმით მოიერიშე თვითმფრინავმა ორი ჭურვი გაისროლა, რომელთაგან ერთ–ერთი მისი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მსგავსი განცხადება გააკეთა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების რუსმა მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა. მისი თქმით თვითმფრინავი კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთიდან, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეფრინდა.
„დაახლოებით სოფელ გრომის მიდამოებში მას ცეცხლი სამხრეთ ოსურმა მხარემ გაუხსნა. როგორც ჩანს ამან პილოტი შეაშინა და მან გასროლა განახორციელა,“ განაცხადა კულახმეტოვმა.
საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც კატეგორიულად უარყო.
11 მარტს ზემო კოდორის ხეობაც დაიბომბა. მაშინაც თბილისმა რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა უარყო ბრალდებები.
გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენებაში მხოლოდ მინიშნებულია, რომ რუსულ ვერტმფრენებს შესაძლოა დაებომბათ ზემო კოდორის ხეობა, თუმცა გადაჭრით ამას მოხსენება არ ადასტურებს.
თბილისმა 11 მარტის ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების გაგრძელება ითხოვა, რათა საბოლოოდ გაირკვეს თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)