”რადუგას” ანტი-სარადარო რაკეტა გამოიყენეს დაბომბვისას – აცხადებს თბილისი

წინასწარი გამოძიების შედეგებმა დაადასტურა, რომ რუსული წარმოების SU-24 საბრძოლო თვითმფრინავმა 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორია ასევე რუსული წარმოების რადუგა KH-58 ტიპის, ტაქტიკური ანტი-სარადარო მართვადი რაკეტით დაბომბა, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


”უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის თვითმფრინავი, ისევე როგორც ხსენებული ტიპის მართვადი რაკეტა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებაში არ გააჩნია,”- აღნიშნავს საგარეო უწყება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა არა SU-24 ტიპის, არამედ SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი.  SU-24-ისგან განსხვავებით, საქართველოს შეიარაღებაში გააჩნია SU-25 ტიპის თვითმფრინავები.


თბილისის განცხადებით, ჩამოგდებული რაკეტა აღჭურვილია 140 კილოგრამიანი ტროტილის (TNT/RDX) მატარებელი ქობინით. რაკეტა, რომლის პარამეტრებია: სიგრძე – 4.80 მ, დიამეტრი – 0.38 მ, წონა – 640კგ, ნატოს კლასიფიკაციით AS 11 Kilter ტიპისაა. 


აღნიშნულია რაკეტა, რომელიც არ აფეთქებულა, ჩამოვარდა შიდა ქართლის სოფლებს შავშვებსა და წითელიუბანს შორის ტერიტორიაზე, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად.


ეს ადგილი დაახლოებით 80 კმ-ითაა დაშორებული რუსეთის საზღვრიდან და 65-მდე კილომეტრით თბილისიდან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)