თბილისის მტკიცებით, რუსეთი აყალბებს დაბომბვის ინციდენტის მტკიცებულებებს
ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსმა საშვიდობოებმა ”უკანონოდ” ჩაატარეს დამატებითი მონიტორინგი, რათა წარმოედგინათ ”გაყალბებული მტკიცებულებები” იმის საჩვენებლად, რომ რუსეთს არ მიუძღვის წვლილი 6 აგვისტოს მომხდარ დაბომბვაში.
რიგით მეორე მონიტორინგი კონფლიქტის ზონაში 8 აგვისტოს ჩატარდა მას შემდეგ, რაც წინა დღეს მონიტორინგის ერთობლივმა ჯგუფმა კოლექტიური სამშვიდობო ძალებისა და ეუთოს დამკვირვებლების მონაწილეობით შეისწავლა შემთხვევის ადგილი და გამოკითხა თვითმხილველები ახლომდებარე სოფლებსა და სამშვიდობოთა საგუშაგოებზე.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ 7 აგვისტოს მომზადებული ანგარიშის თანახმად, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიფრინავდა. ეს ჩვენებები ჯდებოდა თბილისის სარადარო მონაცემებზე დაფუძნებულ ბრალდებებში, რომ თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთთან მოსაზღვრე სტეფანწმინდას (ყაზბეგი) მიდამოებში შემოიჭრა. სტეფანწმინდა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სოფელ წითელიუბანიდან, სადაც რაკეტა იქნა ნაპოვნი. ამ ერთობლივ მონიტორინგზე დაყრდნობით ეუთოს მისიამ საქართველოში მოამზადა დამოუკიდებელი მოხსენება, რომელიც თავს უყრის პირველად ინფორმაციას.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ კოლექტიური სამშვიდობო ძალების რუსულმა ნაწილმა ცალმხრივად გადაწყვიტა დამატებითი მონიტორინგის ჩატარება 8 აგვისტოს, რაც ”მიზნად ისახავდა რეალური ფაქტების დამახინჯებას და 7 აგვისტოს მონიტორინგის შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენებას”.
ამავე განცხადების თანახმად, რუსმა სამშვიდობოებმა გამოკითხეს ”რამდენიმე მოხუცი ქალბატონი” თვითგამოცხადებული რეგიონის სოფელ არმაზში, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაინახეს თვითმფრინავი, რომელიც აღმოსავლეთიდან მოფრინავდა და არა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, როგორც ამას 7 აგვისტოს გამოკითხული მოწმეები ამტკიცებენ.
ცხინვალის მიერ კონტროლირებადი სოფელი არმაზი კონფლიქტის ზონის გარეთ და შესაბამისად, შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის არეალს გარეთ მდებარეობს. კონფლიქტის ზონის გარეთ მოქმედება კი მანდატის დარღვევაა, აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ყველაფერ ამის შედეგად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, ქართველმა სამშვიდობოებმა და ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლებმა 8 აგვისტოს ”მონიტორინგის” შედეგების ამსახველ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თუმცა ეუთოს მისიას ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
”გამოვთაქვამთ მტკიცე პროტესტს შერეული სამშვიდობო ძალების რუსული ნაწილის მიერ სამშვიდობოთა მანდატის უხეში დარღვევის გამო. ასევე მივმართავთ რუსეთის მხარეს, ხელი აიღოს დეზინფორმაციულ კამპანიასა და პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებზე,”- ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)