ბეჟუაშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს შეხვედრები გამართა საქართველოში გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, სადაც 6 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე ექსპერტთა დამოუკიდებელი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის მიერ მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
 
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობა და  წინადადებით მიმართა ელჩებს აღნიშნულ ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად თავიანთი ექსპერტების წარგზავნასთან დაკავშირებით, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო 13 აგვისტოს.
 
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
 
დღესვე გელა ბეჟუაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ილკა კანერვასთან, რომელსაც ასევე ფინეთის მთავრობის ექსპერტთან დამოუკიდებელი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა, რაც მიზანად ისახავს საქართველოს მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლას და შემოწმებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)