ცხინვალი აფრთხილებს თბილისს არ მოაწყოსს ’მშვიდობის მარში’
საქართველოს ხელისუფლება სექტემბერში სამხრეთ ოსეთის საზღვართან ე.წ. ”მშვიდობის მარშის” ორგანიზებას გეგმავს, იუწყება 15 აგვისტოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი. მისი თქმით ამგვარი აქცია კიდევ უფრო გაართულებს რეგიონში ისედაც დაძაბულ ვიდარებას.
დღესვე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ის ორგანიზებას უწევს დაგეგმილ მსვლელობას, რომელშიც ოსური საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.
”სახელმწიფო არ ერევა მოქალაქეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებაში,” – ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახლად შექმნილ მოძრაობა ’კოკოითი ფანდარასტ’-ში აცხადებენ რომ ჯერ-ჯერობით მსგავსი აქცია არ იგეგმება.
”ჩვენ ამჟამად მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოძრაობა ”მშვიდობით კოკოითო” ოფისების გახსნით ვართ დაკავებული და მასობრივი მსვლელობების მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული”, – განაცხადა მოძრაობა ”მშვიდობით კოკოითის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვლადიმერ სანაკოევმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)