ალასანაიმ ბან კი-მუნთან შეხვედრისას 6 აგვიტოს ინციდენტი განიხილა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 15 აგვისტოს გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვის შესახებ, რათა განხილული იყოს როგორც 6 აგვისტოს, ისე ადრე მომხდარი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ინციდენტები.
”საქართველოს მხარე მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას, რათა განხილულ იქნას სუვერენულ სახელმწიფოზე განხორციელებული ამ ურთიერთდაკავშირებული თავდასხმების სერია და მათი ზეგავლენა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პროცესზე”, -იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო 15 აგვისტოს.
შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ ბან კი-მუნს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს წინააღმდეგ 6 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის და გამოძიების შედეგების შესახებ. ასევე განიხილეს ზემო აფხაზეთში გასული წლის 25 ოქტომბერსა და 2007 წლის 11 მარტს განხორციელებული დაბომბვების სრული და ყოვლისმომცველი შეფასების მნიშვნელობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ თავდასხმამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, არამედ რეგიონში არსებულ მშვიდობასა და უსაფრთხოებასაც და ბან კი-მუნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაერო დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის გარკვევით უახლოეს მომავალში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)