რკინიგზა 99 წლიანი მართვის უფლებით Parkfield Investment Ltd.-ს გადაეცა
შპს ,,საქართველოს რკინიგზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცეს Parkfield Investment Ltd.-ს 99 წლის ვადით ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
რკინიგზის მართვის უფლებით გაცემის თაობაზე ინფორმაცია, 16 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ გაავრცელა, თუმცა მისი ინფორმაციით, რკინიგზა 89 წლის მართვის უფლებით იქნებოდა გადაცემული.
განკარგულების მიხედვით შპს ,,საქართველოს რკინიგზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მმართველი კომპანიისათვის მართვის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვრა:
1. მმართველმა კომპანიამ მართვის პერიოდის პირველი 10 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
2. კომპანიამ 2008 წლის 31 დეკემბრამდე არ უნდა გაზარდოს არსებული ტარიფები სამგზავრო გადაზიდვებზე.
3. ,,საქართველოს რკინიგზის” მომსახურების ყველა არსებული საფასურის გაზრდა უნდა შეათანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან; შეთანხმება არ არის საჭირო, თუ საფასური გაზრდილ იქნა წლიური ინფლაციის საპროცენტო მაჩვენებლის ოდენობის ფარგლებში, და როდესაც ეს გამოწვეულია საწარმოს მიმდინარე ხარჯების ზრდის საფუძველზე.
4. მმართველ კომპანიას უფლება არა აქვს დააწესოს დისკრიმინაციული ტარიფები.
5. კომპანიამ მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულების შესახებ ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.
6. შპს ,,საქართველოს რკინიგზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვისათვის ჰონორარის სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ Parkfield Investment Ltd. ბრიტანული საინვესტიციო ფონდია. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ არ არსებობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)