ბალუევსკი: საქართველოს ჰალუცინაციები აწუხებს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა იური ბალუევსკიმ უარყო ქართული მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსულმა საფრენმა აპარატმა 21 აგვისტოს კოდორის ხეობის საჰაერო სივრცე დაარღვია და მას ”ჰალუცინაცია” უწოდა.


”როგორც ჩანს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ჰალუცინაციები ეწყებათ,” – განუცხადა ბალუევსკიმ ”ინტერფაქსს” 23 აგვისტოს.


ქართული მხარის განცხადებით, ზემო კოდორის ხეობის საჰაერო სივრცე ორჯერ დაირღვა.


საქართველოს ხელისუფლებამ არ დააკონკრეტა საჰაერო სივრცე ვერტმფრენმა დაარღვია, თუ თვითმფრინავმა, თუმცა ფრენის პარამეტრები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ფრენის სიმაღლე – 4000მ, სიჩქარე  – 470-490 კმ/სთ, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრის სიღრმე კი 5 კმ იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)