სოხუმის მტკიცებით, აფხაზეთის საჰაერო სივრცე საქართველოს მხრიდან დაირღვა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის საჰაერო სივრცე 22 აგვისტოს საქართველოს მხრიდან მფრინავი აპარატის მიერ ორჯერ დაირღვა, იუწყება ”რია ნოვოსტი” 23 აგვისტოს.


”22 აგვისტოს დაახლოებით 21:35 საათზე საქართველოს მხრიდან აფხაზეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა საფრენი აპარატი, რომელმაც გალის რაიონს შემოუფრინა. დაახლოებით იმავე დროს, საჰაერო სივრცის დარღვევა დაფიქსირდა კოდორის ხეობაშიც”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.


აფხაზეთის მხარე ამას ”ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის მცდელობად” აფასებს.


”აფხაზური მხარე მოითხოვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეებმა ყურადღება მიაქციონ აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს და საჭიროდ მიიჩნევს გააფრთხილოს ქართული მხარე, რომ მსგავსი პროვოკაციები შესაბამის შეფასებას მიიღებს და ადექვატურ ქმედებას გამოიწვევს აფხაზეთის მხრიდან,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” დე ფაქტო საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მხრიდან საფრენი აპარატის აფხაზეთის საჰაერო სივრცეში გამოჩენა  კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ცივილიზებული გზა აირჩიოს აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)