ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვს სტუმრობს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიომირ ზუზულმა 23 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ ზუზულს გააცნო თავისი პოზიცია 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით და წარუდგინა ინფორმაცია რუსი სამხედრო ექსპერტების ჯგუფის დასკვნების შესახებ. ჯგუფი საქართველოში მომხდარ ინციდენტს 16-დან 17 აგვისტოს ჩათვლით იძიებდა.
”რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია დაადგინოს ორგანიზატორები 6 აგვისტოს პროვოკაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთ-საქართველოს დიალოგის ჩაშლას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელი კონფლიქიტის ძალისმიერი გზით მოგვარებას”, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 23 აგვისტოს.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიომირ ზუზული ამ თანამდებობაზე გასულ კვირას დანიშნა.
თავისი მისიის ფარგლებში მიომირ ზუზული 20-21 აგვისტოს თბილისს ეწვია და საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა. თბილისში ყოფნისას იგი 6 აგვისტოს ინციდენტის თაობაზე ქართული მხარის და დასავლელ ექსპერტთა ჯგუფების დასკვნებს გაეცნო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)