სასამართლომ გიორგაძის მომხრეებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უშიშროების ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის პარტია ”სამართლიანობასთან” დაახლოებული პარტიების და ორგანიზაციების 13 აქტივისტს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დასდო ბრალი და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


24 აგვისტოს სამამართლომ ცამეტივე აქტივისტს 3,5-დან 8,5 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. გიორგაძის ნათესავს, მაია თოფურიას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


სულ, გასული წლის სექტემბერში 29 ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა, მოგვიანებით მხოლოდ ცამეტის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით.  


მოგვიანებით გირაოთი იქნა გათავისუფლებული მოძრაობა ”ანტისოროსის” ლიდერი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც დანაშაული აღიარა და დანარჩენი 12 აქტივისტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მას პირობითი სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  


მაია თოფურიას ამერიკელმა ადვოკატმა ლორენს ბარსელამ განაცხადა, რომ პროკურორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაყალბებული იყო, ხოლო სასამართლო პროცესი – პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მოწმეთა დაცვის საჭიროების მოტივით. 


”ეს იყო სამარცხვინო პროცესი, ჩვენი სასამართლო სისტემის სირცხვილი,” – განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.


პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები, რომელთაც მსჯავრდებულები განეკუთვნებიან, მცირე, მარგინალური ჯგუფებია, რომლებიც არასდროს სარგებლობდნენ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით საქართველოში. მათი დაპატიმრება 2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდა და სააკაშვილის ადმინისტრაციის ზოგიერთი ოპონენტი იმასაც კი აცხადებდა, რომ ეს პიროვნებები იმისთვის დააპატიმრეს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერის კონსოლიდირება მოეხდინათ რუსეთის მიერ ნაკარნახევი დესტაბილიზაციის გეგმის საფრთხის წინააღმდეგ. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)