ცაგარეიშვილი ოქრუაშვილის პარტიაში შესვლას გეგმავს
დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ოპოზიციური ”მრეწველთა პარტიიდან” დაადასტურა, რომ ის გეგმავს გადავიდეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტიაში, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში შეიქმნება.
გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა, ცაგარეიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ პარტიას გარკვეული ძალა პარლამენტშიც ეყოლება, რადგანაც იქ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება იგეგმება. ” პარლამენტში საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხრეები გვეყოლება,” – განაცხადა მან.
ქართული მედიის ვარაუდით, დამოუკიდებელი დეპუტატი კოკა გუნცაძე ასევე გეგმავს ოქრუაშვილის საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანებას, რამდენიმე სხვა დეპუტატთან ერთად, რომლებიც ამჟამად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ”კონსერვატორული პარტიის” ლიდერმა, დეპუტატმა კახა კუკავამ უარი თქვა ახალ პარტიაში გაწევრიანებაზე.
””საქართველო – სააკაშვილის გარეშე!” – ამ იდეის და სულისკვეთების მატარებელი იქნება ახალი პარტია… ვმუშაობთ ძალიან ბევრი მიმართულებით. გვექნება მწყობრად ჩამოყალიბებული და აბსოლუტურად გამჭირვალე პროგრამა,” – განუცხადა ცაგარეიშვილმა გაზეთ ”რეზონანსს”.
იმავე გამოცემაში ”რეზონანსი” აქვეყნებს ოპოზიციური პარტია ”თავისუფლების” ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას ინტერვიუს, რომლის განცხადებითაც ოქრუაშვილის ახალი პარტია დაუპირისპირდება მმართველ პარტიას და არა პრეზიდენტ სააკაშვილს.
”საქართველოში რუსული მოდელი გადმოვა,” – განაცხადა გამსახურდიამ. მას მხედველოვაში ჰქონდა რუსეთში პუტინის მომხრე რამდენიმე პარტიის არსებობის ფაქტი.
”ეს იქნება შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის კურსის გამტარებელი ორი კონკურენტი ჯგუფი, ერთი მცირერიცხოვანი, ოქრუაშვილის პარტიის სახით და მეორე მრავალრიცხოვანი – ”ნაციონალური მოძრაობის” სახით ერთმანეთს დაუპირისპირდება,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)