რუსეთი აფხაზეთიდან სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის იმპორტს კრძალავს
აფხაზეთიდან რუსეთში სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი აიკრძალა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საიდ ტარკილის სიტყვებზე დაყრდნობით.
ტარკილის თქმით, სპეციალური ბრძანებულება რუსეთის შესაბამისი უწყებიდან გასული კვირის ბოლოს მივიდა.
იკრძალება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ციტრუსის გატანა რუსულ ბაზარზე.
”ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ციტრუსის და სხვა ხილის გასაღების სეზონის მოახლოების ფონზე,” – განაცხადა ტარკილმა.
რუსულმა მხარემ იმპორტის აკრძალვის მიზეზად თვითგამოცხადებულ რეგიონში ღორის აფრიკული ცხელების გავრცელება დაასახელა.
იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა უახლოეს პერიოდში არ გაუქმდება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები და ექსპორტიორები სერიოზულ ზარალს ნახავენ, რადგანაც ამ პროდუქციის, ძირითადად ციტრუსის ექსპორტი აფხაზეთის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)