ბეჟუაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
3-4 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
საგარეო უწყების ცნობით, ბეჟუაშვილი ბრიუსელში შეხვდება თავის ესპანელ კოლეგას, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს მიგელ ანხელ მორატინოსს, რომელიც მოგვიანებით დღეს თბილისს ეწვევა.
ასევე დაგეგმილია საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის შეხვედრები საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისართან ბენიტა ფერერო-ვალდნერთან და ნატოში აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელთან ვიქტორია ნულანდთან.
3 სექტემბერს ბეჟუაშვილი სახელმწიფო მინისტრთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში ”ერთობლივი მუშაობა – ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)