ნათელაშვილი ევროპის სასამართლოს სხდომას დაესწრება
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო 4 სექტემბერს იმსჯელებს იმ სარჩელზე, რომლითაც ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა.
ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, 2004 წლის 28 მარტს არჩევნების დროს დარღვევების შედეგად მას უკანონოდ ჩამოერთვა ადგილები პარლამენტში.
”მინდა მადლობა გადავუხადო სტრასბურგის სასამართლოს იმის გამო, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება საჯაროდ განიხილოს ეს საქმე,” – განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს 2 სექტემბერს სტრასბურგში გამგზავრებამდე.
გურამ ჩალაგაშვილი, რომელსაც 31 აგვისტომდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, ასევე გაემგზავრა სტრასბურგში, სადაც ის სახელმწიფოს მხარეს წარმოადგენს.
”ლეიბორისტული პარტიის პრეტენზია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გაგვაჩნია ამის დასამტკიცებლად,” – განუცხადა ჩალაგაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს”.
ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის მაშინდელ ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის არსებული დაპირისპირების შედეგად 28 მარტს აჭარის ორ საარჩევნო ოლქში – ქობულეთსა და ხულოში არჩევნები ჩაიშალა. განმეორებითი არჩევნები 18 აპრილს დაინიშნა, თუმცა საარჩევნო უბნები არ გახსნილა, რის შედეგადაც დაახლოებით 60 000 ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.
იმავე დღეს, 18 აპრილს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევმა კომისიამ ზურაბ ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით (ამჟამად, იგი საქართველოს ელჩია ევროპის საბჭოში) არჩევნების საერთო შედეგები გამოაქვეყნა, აჭარის ორი ოლქის შედეგების გაუთვალისწინებლად. ლეიბორისტულმა პარტიამ 6.01% მიიღო, მაშინ როცა საარჩევნო ბარიერის გადასალახავად 7%-ის მოგროვება იყო საჭირო.
ლეიბორისტული პარტია პრეტენზიებს გამოთქვამს 2004 წლის 28 მარტის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, რომელიც თავისუფალი არჩევანის უფლებას ეხება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)