უსუფაშვილი: სააკაშვილი რუსეთთან დაძაბულობაზე ამახვილებს ყურადღებას

კრემლშიც და სააკაშვილის ადმინისტრაციაშიც არსებობენ ძალები, რომლებიც ორმხრივ დაძაბულობაში არიან დაინტერესებული, განაცხადა ოპოზიციური ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 3 სექტემბერს გამოქვეყნდა.  


მისი თქმით, ორივე ქვეყნის მაღალ ეშელონებში მოქმედებს აგენტურული ქსელი, რომლებიც იღებენ ზომებს, რომ მოხდეს 6 აგვისტოს მსგავსი ინციდენტები, როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა ჩამოაგდო და უკანვე გაფრინდა. რუსეთის განცხადებით, ინციდენტი თბილისმა დადგა მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით.  


უსუფაშვილის განცხადებით, ორივე პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ დაძაბულობაზე ცდილობენ ყურადღების გამახვილებას. ”ასეთი კრემლი სააკაშვილისთვის ყველაზე ღირებული კოზირია ქვეყნის შიგნით, მოსახლეობასთან და ქვეყნის გარეთ, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისთვის. სააკაშვილი ცდილობს, რუსეთი აქციოს მტრად,” – განაცხადა მან. ”როგორც კი წავა საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა მოხდეს პრეზიდენტების შეხვედრა, ერთი კვირით ადრე ხდება რაღაც ინციდენტი,” – დასძინა უსუფაშვილმა.


საქართველოს და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ივლისის ბოლოს დაადასტურეს, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები აგვისტოში ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზების მიზნით. თუმცა, 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეს შეხვედრა ჩაიშალა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)