ცსკ-ს თავმჯდომარე შესაძლოა ლევან თარხნიშვილი გახდეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა დაიკავოს, აცხადებს ”რუსთავი 2”.  


ეს თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე დღის წინ გახდა, როცა გურამ ჩალაგაშვილი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ გადაიყვანეს.


ნინო კალანდაძე, დეპუტატი მმართველ პარტიიდან აცხადებს, რომ თარხნიშვილის მიმართ ”ძალიან პოზიტიური” განწყობაა.


რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, სწორედ თარხნიშვილის კანდიდატურა განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.


”შეარჩევენ კრიტერიუმით, ვინც იქნება ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილი მონა… ამ კრიტერიუმებს თარხნიშვილი აკმაყოფილებს,”- აცხადებს 3 სექტემბერს ”რუსთავი 2”-თან საუბარში რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.


თავად ლევან თარხნიშვილი ამ ეტაპზე არ ადასტურებს მის შესაძლო მონაწილეობას კონკურსში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცსკ-ს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით უნდა გამოაცხადოს, თუმცა დასძენს, ”დავფიქრდებოდი”.


ცსკ–ს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატის ფლობა აუცილებელი პირობაა. სერტიფიცირების კონკურსში მონაწილეობის მიზნით თარხნიშვილმა ცსკ-ს აგვისტოს დასაწყისში მიმართა.


კანონმდებლობით პრეზიდენტმა კონკურსის შედეგად შერჩეული მინიმუმ 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს პარლამენტს ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად. ეს თანამდებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2008 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)