დეპუტატები ახალ მინისტრებს ხვდებიან

საპარლამენტო კომიტეტებში 3 სექტემბერს ახლად დანიშნულ მინისტრებთან შეხვედრები დაიწყო.


ამ შეხვედრების შემდეგ მთავრობის ახალმა შემადგენლობამ 7 სექტემბერს პარლამენტის ნდობა უნდა მოიპოვოს.


დეპუტატებმა დღეს შეხვედრები გამართეს იუსტიციის მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, ჯანდაცვის მინისტრთან დავით ტყეშელაშვილთან, გარემოს დაცვის მინისტრთან დავით ჩანტლაძესთან და ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან.


საკომიტეტო მოსმენებს არ დასწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც მთავრობაში საკადრო გადაადგილებებიდან რაიმე ცვლილებებს არ ელიან. მათი თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა ”სურვილების სია”, რომელიც არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.      


ახალი მთავრობის პრიორიტეტებს შორის დასახელდა საქართველოს ინტეგრაცია ნატოში, სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, თავისუფალი ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბება და ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის განვითარება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)