ოპოზიცია ბურჯანაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა ნათლად მიანიშნებს მისი პოლიტიკური გავლენის შესუსტებაზე.
ბურჯანაძემ 4 სექტემბერს მწვავედ და ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ არ ყოფილა ჩართული კონსულტაციებში, რომელიც სამთავრობო ცვლილებებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას უკავშირდებოდა.
”მან იმდენჯერ აიტანა პირადი შეურაცხყოფაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და პარლამენტის შეურაცხყოფა პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და სხვა მინისტრების მხრიდან, რომ მას არ უნდა გაუკვირდეს, თუკი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება,” – განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ”რუსთავი 2”-ს.
”ქალბატონი ნინოს განცხადება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის დროში აცდენილია,” – განაცხადა დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ ”ახალი მემარჯვენეებიდან”.
”ეჭვი მაქვს, რომ მან ვერ შეძლო პრეზიდენტთან ამ თემაზე საუბარი და შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ამის გამო. უფრო ბუნებრივი იქნებოდა, რომ პირველივე სხდომაზე გაეკეთებინა ეს განცხადება, როდესაც პარლამენტმა პირველად განიხილა ეს საკითხი. თუმცა, მაშინ მან არაფერი თქვა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა ამ შუალედში,” – განაცხადა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა.
დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან განაცხადა, რომ ბურჯანაძის განცხადებამ ნათელყო, რომ ”მმართველი უმრავლესობა ერთი გუნდი არ არის”.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, მისთვის მიუღებელია, რადგან ვერ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი ახალ თანამდებობაზე.
მისი განცხადების შემდეგ, ის დახურულ კარს მიღმა ესაუბრა ალექსიშვილს, თუმცა შეხვედრის დეტალები არ გახმოვანებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)