ლეიბორისტები სტრასბურგის სასამართლოში 2 მლრდ ევროს ითხოვენ
ლეიბორისტულმა პარტიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 2 მილიარდი ევროს კომპენსაცია მოითხოვა. პარტია აცხადებს, რომ დაზარალდა 2004 წლის 28 მარტის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შედეგად და პარლამენტიდან ”იქნა გამოძევებული”.
ლეიბორისტული პარტიის სარჩელის საჯარო განხილვა სტრასბურგში 4 სექტემბერს გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის წევრი ასევე არის ქართველი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, მოგვიანებით გახდება ცნობილი, იტყობინება ევროპის სასამართლო.
”ლეიბორისტულმა პარტიამ გადაიტანა დევნა, რეპრესიები, დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე, განსაკუთრებით ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ. ლეიბორისტული პარტია გამორიცხეს პარლამენტიდან სულ ცოტა ბოლო ოთხი წლის მანძილზე,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა სასამართლო მოსმენაზე.
ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის მაშინდელ ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის არსებული დაპირისპირების შედეგად 28 მარტს აჭარის ორ საარჩევნო ოლქში – ქობულეთსა და ხულოში არჩევნები ჩაიშალა. განმეორებითი არჩევნები 18 აპრილს დაინიშნა, თუმცა საარჩევნო უბნები არ გახსნილა, რის შედეგადაც დაახლოებით 60 000 ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.
იმავე დღეს, 18 აპრილს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევმა კომისიამ ზურაბ ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით (ამჟამად, იგი საქართველოს ელჩია ევროპის საბჭოში) არჩევნების საერთო შედეგები გამოაქვეყნა, აჭარის ორი ოლქის შედეგების გაუთვალისწინებლად. ლეიბორისტულმა პარტიამ 6.01% მიიღო, მაშინ როცა საარჩევნო ბარიერის გადასალახავად 7%-ის მოგროვება იყო საჭირო.
ლეიბორისტული პარტია პრეტენზიებს გამოთქვამს 2004 წლის 28 მარტის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, რომელიც თავისუფალი არჩევანის უფლებას ეხება.
მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტია 138 100 ევროს კომპენსაციას ითხოვს საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯებისთვის და 23 300 ევროს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის როგორც საქართველოში, ისე სტრასბურგში.
გარდა ამისა, ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, პარტიას ასევე უნდა გადაუხადონ 74 180 ევრო 2007-2008 წლების პერიოდისთვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპარლამენტო პარტიების მსგავსად, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტრასბურგში გამართულ სხდომას დაესწრო.
”ეს არის ისტორიული დღე, რადგანაც ჩვენი სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო საქმეები საერთაშორისო განხილვის საგანი გახდა,” – განუცხადა მან თავის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფს სტრასბურგის სასამართლოს წინ გამართულ იმპროვიზირებულ საპროტესტო აქციაზე.
გურამ ჩალაგაშვილი, რომელსაც 31 აგვისტომდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, ასევე დაესწრო სტრასბურგში გამართულ მოსმენას, სადაც ის სახელმწიფოს მხარეს წარმოადგენდა.
”ლეიბორისტული პარტიის პრეტენზია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გაგვაჩნია ამის დასამტკიცებლად. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ,” – განაცხადა ჩალაგაშვილმა მოსმენის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)