ეუთო-ს დასკვნა 6 აგვისტოს ინციდენტზე ცალსახა პასუხს ვერ გასცემს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიგელ ანხელ მორატინოსის პრესმდივანმა მანუელ კაჩომ სააგენტო ”ფრანს პრესს” განუცხადა, რომ ეუთოს მოხსენება, რომელიც 6 სექტემბერს ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე იქნება წარდგენილი, ვერ გასცემს ცალსახა პასუხს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მიერ 6 აგვისტოს აღმოჩენილი რაკეტა საქართველოს ტერიტორიაზე.


”ამ საქმეში თეთრი ან შავი არ არსებობს,” – განაცხადა კაჩომ.


ქართული მხარე აცხადებს, რომ 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია და მართვადი ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოაგდო. საერთაშორისო ექსპერტების ორმა ჯგუფმა ამ ვერსიას დაუჭირა მხარი. თუმცა, რუსული საგამოძიებო ჯგუფი უარყოფს საჰაერო სივრცის დარღვევას. მისი თქმით, ქართულმა მხარემ დადგა ინციდენტი, რათა შემდეგ ეს რუსეთისთვის დაებრალებინა.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა ინციდენტის დეტალების გარკვევის მიზნით ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიომირ ზუზული თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. თბილისში და მოსკოვში ვიზიტების შემდეგ მიომირ ზუზულმა სპეციალური მოხსენება მოამზადა, რომელსაც  ეუთოს მუდმივ საბჭოს წარუდგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)