ბურჯანაძის განცხადებებზე არ გვიმსჯელია – აცხადებს ბოკერია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილებოდა მხოლოდ სამომავლო გეგმები და საუბარი არ შეხებია ნინო ბურჯანაძის მწვავე განცხადებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრა 5 სექტემბერს საღამოს მას შემდეგ გამართა, რაც წინა დღეს ნინო ბურჯანაძემ პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ იგნორირება გაუკეთეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციების დროს. მან ასევე გააკრიტიკა ყოფილი ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის მასთან შეუთანხმებელი დასახელება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად.


”ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილული,”- განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ”ჩვენ გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელეთ, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიმართულების… ასევე განვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები”.


ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ბურჯანაძის განცხადებებს ”გადაჭარბებული აჟიოტაჟი” მოჰყვა, რადგან ”პარლამენტის თავმჯდომარე მხარს უჭერს მთავრობის შემადგენლობას”.


”რაც შეეხება ლექსო ალექსიშვილს, მას განსხვავებული პოზიცია აქვს, ისევე როგორც მე. მაგრამ სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის,”- განაცხადა ბოკერიამ.


ბოკერიას ინფორმაციით, ალექსიშვილი უკვე წარდგენილია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად და გაგრძელდება კონსულტაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობამდე კანდიდატი ჯერ ბანკის საბჭოს წევრად უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით.


ბოკერიამ ასევე კატეგორიულად გამორიცხა რაიმე ტიპის განხეთქილება უმრავლესობის შიგნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)